გაეროში გამოსვლისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ‘ნათელი მომავალი აქვს’

  • პრემიერ–მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული „მცოცავი ანექსია“;
  • მან განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში „შთამბეჭდავ პროგრესს“ მიაღწია;
  • „ჩვენ შევინარჩუნებთ რეფორმების კურსს“;
  • ნატო – „საქართველოს უსაფრთხოების მთავარი ელემენტია“;
  • „ძლიერი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან“.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოდის ნიუ-იორკში, 2015 წლის 1 ოქტომბერს. ფოტო: გაერო

1 ოქტომბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ნათელი მომავალი აქვს“; მან მთავრობის მიერ „პოლიტიკის ყველა სფეროში მიღწეულ პროგრესს“ გაუსვა ხაზი.

თავის 20–წუთიან სიტყვაში გაეროს ტრიბუნიდან, რაც მისი მეორე გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ პრემიერ–მინისტრის პოსტი დაიკავა, ღარიბაშვილი მთელ რიგ საკითხებს შეეხო, დაწყებული ეკონომიკით, განათლებით, ჯანდაცვით და საგარეო პოლიტიკით და დამთავრებული სპორტით; მან წარმატება უსურვა საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც პარასკევს მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების „მცოცავი ანექსია“, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისის მზადყოფნა, რომ „კონსტრუქციული“, „პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობები“ დაამყაროს მოსკოვთან.   

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მისწრაფებები ნატოში, ჩინეთთან „ძლიერი ურთიერთობების“ განვითარებას გაუსვა ხაზი და მიესალმა ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას, რომელიც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს „რეგიონში მეტ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ასევე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელმაც ადრე ღიად მიანიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ პრემიერ–მინისტრის ნაცვლად, ის გამოვიდოდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მიესალმა ღარიბაშვილის მიერ გაეროში გამოსვლისას „საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას“.

‘შთამბეჭდავი პროგრესი’

პრემიერ–მინისტრმა საკუთარი გამოსვლა დაიწყო საქართველოს იმ პროგრესზე საუბრით, რომელიც მმართველობის შესახებ მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშში არის მოცემული და  სადაც შეფასებულია მმართველობა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა, მთავრობის ეფექტურობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი.

აღნიშნა რა, რომ საქართველო 2012 წლის შემდეგ ექვსივე მაჩვენებელში სერიოზულად დაწინაურდა, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „ეს შთამბეჭდავი პროგრესი ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცებასთან, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობასა და ქვეყნის დამაჯერებელი წინსვლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ დავრჩებით რეფორმების გზაზე – ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე“, – განაცხადა მან, „ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ღია, უფრო გამჭირვალე და უფრო ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.

„მაგრამ ჩვენ არ დავისვენებთ. კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს“,  – განაცხადა მან.

ეკონომიკის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ „2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, ტურიზმსა და ენერგეტიკაში“.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2014 წელს არსებული 565 900–დან 2015 წლის მეორე კვარტალში 547 700–მდე შემცირდა.

‘მცოცავი ანექსია’

პრემიერ–მინისტრით განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო პროგრესს აღწევს მთელ რიგ სფეროებში, ქვეყანა ისევ გამოწვევების წინაშე დგას უსაფრთხოების კუთხით, ვინაიდან რუსეთი „კვლავაც განაგრძობს  კონტროლის უკანონოდ განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე“.

„მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას“, – განაცხადა მან.

„ამის ტრაგიკული შედეგი კი ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ფუნდამენტურ უფლებებს. დე-ფაქტო მთავრობებმა ახლახან მიიღეს დამატებითი ზომები, რომლებიც კიდევ უფრო ლახავს ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას“, – განაცხადა მან გალის რაიონთან დაკავშირებით.

„გადაადგილების თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ასევე დამსხვრეულია იმედები და ოცნებები იმ ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლისა, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციის ფონზე, საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთთან პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობების დამყარება.    

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ მთელი რიგი კონსტრუქციული კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციის, ჰუმანიტარული კონტაქტების და ტურიზმის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

„მაგრამ ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, „გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს“. 

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის მიმართვის დროს ღარიბაშვილმა განაცხადა:  „ჩემო დებო და ძმებო, მყარად მჯერა, რომ ვერავინ გადაწერს ხელახლა ისტორიას და წაშლის ჩვენს საერთო წარსულს. ჩვენს შორის კავშირების გაწყვეტისა და ჩვენი ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება“.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები „მალე“ მიიღებენ სარგებელს საქართველოს ეკონომიკური ზრდიდან, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან და ვიზალიბერალიზაციიდან.

ნატო – "საქართველოს უსაფრთხოების მთავარი ელემენტია"

ავღანეთში ნატოს მისიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საქართველოს მიმდინარე წვლილის შესახებ საუბრისას, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, რომ ის მზად არის კიდევ უფრო მეტი გადაიხადოს, ვიდრე მას ეკუთვნის, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს.

„ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოს საუკეთესოებს შორის არიან“, – განაცხადა მან, „ისინი ჩვენი ქვეყნის სიამაყეები არიან. ჩვენ მათ პატივს ვცემთ“.

მან განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი ელემენტია მზარდი ურთიერთობები ნატოსთან.

მისი თქმით, საქართველოს მტკიცე ევრო–ატლანტიკური კურსი ქვეყნის ძლიერი ევროპული იდენტობის და ღირებულებების დასტურია.

‘აბრეშუმის გზის აღდგენა’

შარშან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ოქტომბრის თვეში იგეგმება.

1 ოქტომბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრი კვლავ შეეხო საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას „აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ გზაჯვარედინზე“.

„აბრეშუმის გზის აღდგენა არის აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა, რომელიც სექტემბერში ჩინეთს სტუმრობდა, ასევე განაცხადა, რომ საქართველო „ძლიერ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებს ჩინეთთან“.

"ვეტოს უფლების არასწორი გამოყენება"

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში რეფორმა უნდა განხორციელდეს.

„დღეს მსოფლიოს წინაშე დგას უპრეცედენტო გამოწვევები, რომლებიც ითხოვს ურყევ პოლიტიკურ პოზიციას“, – განაცხადა მან.

„მცირე სახელმწიფოების როლის გაზრდა უშიშროების საბჭოში, ვეტოს უფლებების არასწორი გამოყენების თავიდან აცილება, ასევე სამუშაო მეთოდების გაუმჯობესება რეფორმების პროცესის ქვაკუთხედი უნდა გახდეს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)