მედია ადვოკატირების კოალიცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებული მთელი რიგი გარემოებები „აჩენს სერიოზულ ეჭვებს მიმდინარე პროცესზე ხელისუფლების გავლენის შესახებ“ და მოუწოდებს სასამართლოს, რომ ტელეკომპანიის საკუთრებაზე დავა იმგვარად განიხილოს, რომ „არ გამოიწვიოს ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერება" და მისი "სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა“.
- „რუსთავი 2“ მთავრობას საინვესტიციო გარიგების დაბლოკვაში ადანაშაულებს
- ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ში წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავას იწყებს
- რუსთავი 2–ის ქონება დაყადაღებულია
- არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ის ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა, რომლის საკუთრების თაობაზეც სასამართლო დავა აგვისტოდან მიმდინარეობს მისი ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია დაუბლოკა ტელეკომპანიას, რომელსაც ეს თანხა მისი საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდებოდა. ამ თანხის ინვესტირება ნაწილი იყო იმ გარიგებისა, რომლის საფუძველზეც „რუსთავი 2“-ის 51% წილის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ 100%-იანი წილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს უნდა ეყიდა. თუმცა ამ გარიგების დასრულება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა, რა დროსაც ხალვაშის ადვოკატმა სასამართლოს ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების დაყადაღება თხოვა; სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ ასევე დაყადაღებულია „რუსთავი 2“-ის ქონება, ხოლო მის მესაკუთრეებს წილების გასხვისება აკრძალული აქვთ.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავა არის კერძო-სამართლებრივი დავა, რაც ფორმალურ დონეზე გამორიცხავს მასში სახელმწიფოს პირდაპირ მონაწილეობას, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რაც აჩენს სერიოზულ ეჭვებს მიმდინარე პროცესზე ხელისუფლების გავლენის შესახებ, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რუსთავი 2-თან მიმართებაში გაკეთებული არაერთი განცხადება (რიგ შემთხვევებში – მუქარაც), განსხვავებული, კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების მიუღებლობისა და ჩახშობის მცდელობები ხელისუფლების მხრიდან და მედია სივრცეში განვითარებული მოვლენები (სხვადასხვა ეროვნულ მაუწყებელზე პოლიტიკური თოქ-შოუების ერთდროულად, მოულოდნელად და საეჭვო ფორმებით და საფუძვლებით დახურვა)“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას, რომელიც 2 ოქტომბერს გავრცელდა, სულ 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი, რეგიონული მედიის ასოციაცია; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
„ფაქტია, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად, ტელეკომპანიას ექმნება სერიოზული ფინანსური სირთულეები და ის შესაძლოა მალე ღრმა ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეს, რაც, სულ მცირე, შეაფერხებს მის ყოველდღიურ საქმიანობას და ეჭვქვეშ დააყენებს მედია სივრცეში განსხვავებული, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აზრის არსებობას“, – აცხადებს კოალიცია.
„შექმნილ რთულ ვითარებაში, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლო ხელისუფლებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაწყვეტა და ამავდროულად გაითვალისწინოს და დაიცვას ის მაღალი საჯარო ინტერესი, რაც თან ახლავს მიმდინარე სამართლებრივ დავას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელს გახდის რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით მიმდინარე დავის განხილვას იმგვარად, რომ სასამართლო დავის წარმოებამ არ გამოიწვიოს ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერება ან/და სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა“, – აცხადებს კოალიცია.
ცალკე განცხადება, რომელიც საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 1 ოქტომბერს ერთობლივად გაავრცელეს და სადაც არსებული "პროცედურული დარღვევების" ფონზე ასევეა საუბარი „რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ სასამართლო დავის „პოლიტიკურ კონტექსტზე“, მოუწოდებს „ყველა შესაბამის ორგანოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოახდინონ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და უზრუნველყონ სამართლის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, რათა ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მისი არსებობის საკითხი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)