უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალობა ‘ნაკლია’
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნონა თოდუამ 7 აპრილს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, ჰომოსექსუალობა „ნაკლია“ და ეს ადამიანები "ამგვარი გადახრისთვის მენანება“.
თოდუა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის მომხრეა და რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომლითაც იკრძალება 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება, მარტის ბოლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.
თოდუას კანდიდატურა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი სამართლებრივ სფეროს მიუძღვნა, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის გააკრიტიკა 2011 წელს გამოქვეყნებულ ერთ–ერთ სამეცნიერო ნაშრომში გამოხატული „ჰომოფობიურ განწყობების“ გამო.
როდესაც 7 აპრილს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე მას ამის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ერთ–ერთმა აქტივისტმა ჰკითხა, თოდუამ უპასუხა, რომ მის სტუდენტებს შორის ჰომოსექსუალებიც არიან და „ძალიან მიყვარს მე ეს სტუდენტები“.
„მე მენანება ისინი ამგვარი გადახრისთვის“, – განაგრძო თოდუამ, „ყველა ადამიანს ხომ აქვს თავისი ნაკლი; მე ჩემი ნაკლი მაქვს, იმას თავისი ნაკლი აქვს… ყველა ადამიანს თავისი ნაკლი აქვს; მათი ნაკლი ეს არის. თუ გაათვითცნობიერებენ, იქნება კარგი, მაგრამ ეს არის მორალური საკითხი. მოსამართლესთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. მე თუ საქმე მომივა მათი დისკრიმინაციის შესახებ – ვთქვათ ასეთი პირები სცემეს [იმის გამო] ‘რატომ ხარ ასეთი სექსუალური ორიენტაციის’, მე გამოვიტან გადაწყვეტილებას, რომ არ უცემიათ და რომ ეს კარგი იყო, რომ სცემეს? რა კავშირშია ეს ამასთან? მათი დაჩაგვრა რომ არ შეიძლება, ამას თავად რელიგიაც აღიარებს, არა თუ სამართალი. მე როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, სამართლიანობას უნდა დავეფუძნო და არა ჩემს მორალურ შეხედულებებს, იმიტომ რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს… კითხვა იყო რატომ მიმაჩნია მე ეს ნაკლად – იმიტომ მიმაჩნია, რომ კულტურის ნორმებს მიაჩნია ეს ნაკლად; ეს ჩემი აზრი არ არის, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა ამას ფიქრობს, რომ ეს არის კულტურის ნორმების საწინააღმდეგო“.
„რაც შეეხება აქვთ თუ არა უფლება სექსუალურ უმცირესობებს გამოხატონ საკუთარი პოზიცია [საჯაროდ შეკრების და მსვლელობის სახით] – თუ ისინი ჩათვლიან, რომ ისინი იჩაგრებიან, რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული მსვლელობის [უფლება]; ეს არის კონსტიტუციური უფლება. მაგრამ თუ ისინი არ იჩაგრებიან და მათი მიზანია, რომ უბრალოდ რეკლამირება მოახდინონ მათი ცხოვრების წესის, ეს ცუდია, მაგრამ სახელმწიფომ ყველა შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მათი უფლება იმ მომენტში, მათი უსაფრთხოება. ანუ როცა რეკლამირებას ახდენს პირი იმისა, რაც არ არის მორალური, ეს არის საზოგადოებისთვის ცუდი, მაგრამ მათ აქვთ ამის უფლება გამოვიდნენ – მდუმარე აქციით თუ თუნდაც ტრანსპარანტებით და მოუწოდონ ხალხს შემოუერთდნენ ცხოვრების ამ წესს. თუ ვინმე ამას დაუჯერებს, ეს იმის პრობლემა იქნება; ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ეს პირები ყოველგვარი გარეშე ზეწოლისგან”, – დასძინა მან.
თოდუას განცხადების კომენტირებისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ არ მიაჩნია, რომ მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებაში რაიმე „ჰომოფობიური“ იყო.
როდესაც მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა ბოლოდროინდელ სადავო დანიშვნებზე, კერძოდ კი, ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა გამწესებაზე კითხეს, თოდუამ უპასუხა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი რომ ყოფილიყო, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა.
7 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ ლალიაშვილსაც მოუსმინა, რომელიც ასევე პრეზიდენტის წარდგენილია.
იურიდიულმა კომიტეტმა არცერთი კანდიდატი არ მოიწონა – თოდუამ 5 ხმა მიიღო 4–ის წინააღმდეგ, ხოლო ლალიაშვილმა 6 ხმა 4–ის წინააღმდეგ, რაც დადებითი დასკვნისთვის არასაკმარისი მხარდაჭერაა. თუმცა, ეს არ უშლის კანდიდატებს ხელს, რომ მათ პარლამენტის სხდომაზე უყარონ კენჭი.
თებერვალში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა. პარლამენტს დოლიძის კანდიდატურისთვის კენჭი ჯერ არ უყრია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)