შევარდნაძე ოფიციალური ვიზიტით ერევანში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 23 ოქტომბერს დაახლოებით დილის 10 საათზე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს გაემგზავრა. შევარდნაძის სტუმრობა ერევანში უკვე ორი წლის განმავლობაში იგეგმებოდა და იგი სომხეთის პრეზიდენტის მიწვევით შედგა. საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტისას თან ახლავს მინისტრთა და პარლამენტართა დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო, ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები. 

როგორც შევარდნაძემ ეროვნული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ვიზიტის მთავარი თემა რეგიონული თანამშრომლობის საკითხები იქნება. სომხური მხარე აცხადებს, რომ საუბარი ასევე შეეხება აფხაზეთში განვითარებული მოვლენებისას ოცამდე სომეხი ეროვნების ადგილობრივი მცხოვრების დაღუპვის ფაქტსაც.

სომხეთის პრეზიდენტთან და პარლამენტში გამართული რიგი ოფიციალური შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 24 სექტემბერს თბილისში დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური)