ბრძოლა მოქალაქეთა კავშირისთვის (ბოლო ინფორმაცია)

მალე გაირკვევა გახდება თუ არა იგი ოპოზიციური პარტია

22 დეკემბრის ყრილობამდე ერთი დღით ადრე პარტია “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”  რამდენიმე დაპირისპირებული ბანაკისგან შედგება. ფიასკოთი დასრულდა “შიდამოქალაქური” დიალოგი, რომლის დროსაც თითქოს-და მოხერხდა პარტიის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შეთანხმების მიღწევა.

მთავარ მოწინააღმდეგეებად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის, ლევან მამალაძის მომხრეები ითვლებიან. პარტიის გენერალური მდივანი ედვარდ სურმანიძე, რომელიც ჟვანიას გუნდს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ყრილობა იოლად არ ჩაივლის. მისი თქმით, 22 დეკემბერს ყრილობაზე გაირკვევა, დარჩება მოქალაქეთა კავშირი სახელისუფლებო პარტიად, თუ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგება.

21 დეკემბერს სურმანიძე აცხადებს, რომ პარტიაში “დიდი წმენდაა” ჩასატარებელი. ის აღნიშნავს, რომ თავის დროზე, მოქალაქეთა კავშირს “კორუმპირებული ხალხი” მიეტმასნა, რომლებმაც მოსახლეობაში პარტიას სახელი გაუტეხეს. სურმანიძის ვერსიით, სახელგაუტეხელ “მოქალაქეთა” რიგებს მიეკუთვნებიან ზურაბ ჟვანია, მისი მომხრეები და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომლის წინააღმდეგაც, გენერალური მდივნის განცხადებით, პარტია არ წავა.

ედუარდ შევარდნაძე, რომლის ირგვლივაც 1994 წელს შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი და რომლის თავმჯდომარეც ის 2001 წლის შემოდგომამდე იყო, პარტიაში მაინც ყველაზე გავლენიანი პირია. ალბათ, ამით იყო განპირობებული ის კონსულტაციები პრეზიდენტთან, რომელიც ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა ზურაბ ჟვანიასთან და სხვა გავლენიან “მოქალაქეებთან”.

შეიძლება უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ხმები “შიდამოქალაქური” შერიგების შესახებ პრეზიდენტ შევარდნაძესთან კონსულტაციის შემდეგ გავრცელდა. თუმცა მიუძღვის თუ არა მას წვლილი “მოქალაქეთა” ხელახალ დაპირისპირებაში, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ყრილობამდე ერთი დღით ადრე ზურაბ ჟვანიასა და ლევან მამალაძის მომხრეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შედეგი შეიძლება იყოს ხმაურიანი ყრილობა, რომელიც რომელიმე მეტოქე ჯგუფის დამარცხებით დასრულდება.

ასეა თუ ისე, 21 დეკემბერს მდგომარეობა შეთანხმებამდელს დაუბრუნდა. “ყრილობის მსვლელობისას სამოქმედო პროგრამის გადახედვა მოგვიწევს”, – აცხადებს ედვარდ სურმანიძე, – “ყრილობა სპეციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პარტიას მხოლოდ ერთი საპარლამენტო წარმომადგენლობა ჰყავდეს, რომელიც პარლამენტში პარტიის სახელს ატარებს”. დღეს პარლამენტში “მოქალაქეები” ოთხ ფრაქციაში არიან გაფანტულნი. თანაც, ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს ოპოზიციაშიც კი უდგას. ეს ფრაქციები რამდენიმე თვის წინათ საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

პარტიის ყრილობის მთავარი საკითხი მოქალაქეთა კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანაა, რომლის საფუძველზეც პარტიაში სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს. ედუარდ შევარდნაძის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ეს პოსტი ვაკანტურია, თუმცა დღეს არ არსებობს არცერთი “მოქალაქე”, რომელსაც პარტია ამ თანამდებობაზე აირჩევს. ამდენად, უფრო რეალურია, თავმჯდომარის პოსტი გაუქმდეს და პარტიის მართვა, სავარაუდოდ, 7 ან 9-კაციანმა პოლიტიკურმა საბჭომ განახორციელოს. ასეთ შემთხვევაში, პოლიტსაბჭოში ყველა ძირითადი “მოქალაქური” დაჯგუფების წარმომადგენელი მოხვდება.

თუმცა ეს გადაწყვეტილება მაინც შუალედურად უნდა ჩაითვალოს, რადგან ძალთა ბალანსი პარტიაში არც ერთი ჯგუფის სასარგებლოდ არ შეიცვლება. მაგალითად, 21 დეკემბერს ლევან მამალაძემ მოსალოდნელ ყრილობას გარდამავალი უწოდა. მისი თქმით, ყრილობაზე აირჩევა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც პარტიის მომდევნო ყრილობას მომზადებს. მამალაძის გათვლებით, ყრილობა 2002 წლის მაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება. 

გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია 

This post is also available in: English (ინგლისური)