აშშ-ის სამხედრო ექსპერტები ქართველ სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდნენ
(თბილისი, 28 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს აშშ-ის სამხედრო ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წარმომადგენლის, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ევრაზიის განყოფილების უფროსის ელმერ უაითის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს პროგრამა “აღჭურვილობა და წვრთნა”, რომელსაც აშშ უკვე მეორე წელია ახორციელებს საქართველოში. “ეს პროგრამა საშუალებას მისცემს ქართულ სამხედრო შენაერთებს უკეთ დაიცვან თავიანთი ტერიტორიის ღირსება და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება”, განაცხადა უაითმა. მისი თქმით, “პროგრამა “აღჭურვილობა და წვრთნა” არის საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილი”. გენერალური შტაბის შეიარაღებული ძალების უფროსის ჯონი ფირცხალაიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ამერიკელ ექსპერთთა მხრიდან ქართული სამხედროების წვრთნების პერსპექტივები განიხილებოდა. უკანასკნელ ხანებში აშშ-სა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს სპეციალური დანიშნულების შენაერთები პანკისის ხეობაში იმყოფებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)