საქართველო აშშ-ის სამხედრო დახმარებას აფხაზეთის წინააღმდეგ გამოიყენებს, შიშობს არძინბა

(თბილისი, 6 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ დღეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსთან” საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის სამხედრო დახმარებას აფხაზების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს.

“აშშ და სხვა ქვეყნები, გამოყოფენ რა საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას, კონფლიქტის ესკალაციისთვის პირობებს ქმნიან”, განაცხადა არძინბამ.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ აშშ-ის სამხედრო ექსპერტების მიერ გაწვრთნილ სამხედრო დანაყოფებს არ აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმდებებში მონაწილეობის მიღების უფლება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მირიან კიკნაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ასეთი ვალდებულება არ აუღია.

This post is also available in: English (ინგლისური)