უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს

(თბილისი, 7 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 6 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ელჩი აშშ-ში თედო ჯაფარიძე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

მთავრობის სხდომაზე შევარდნაძემ განაცხადა, რომ თედო ჯაფარიძე ჩართულია აშშ-სა და საქართველოს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობაში და მისი არჩევანი სწორედ ამით იყო განპირობებული.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც 25 თებერვლას საბჭოს ყოფილმა მდივანმა ნუგზარ საჯაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

56 წლის თედო ჯაფარიძე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 1994 წლიდან არის.

1992-94 წლებში ის სახელმწიფოს მეთაურის (ედუარდ შევარდნაძის) მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური)