რეფორმატორები ბურჯანაძეს ანტიკორუფციული კანონპროექტის დაბლოკვაში ადანაშაულებენ
(თბილისი, 12 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს “დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსსთვის დაბრუნების შესახებ” კანონპროექტის დაბლოკვაში ადანაშაულებს. ბურჯანაძემ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. 11 მარტს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობა კანონპროექტის დღის წესრიგში დაყენების წინააღმდეგ გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ სწორედ ისინი გამოდიან ვინც კორუფციას უწყობენ ხელს, მათ შორის ვახტანგ რჩეულიშვილი, ვიტალი ხაზარაძე და ლევან გაჩეჩილაძე. დეპუტატთა ნაწილის თქმით, იუსტიციის სამინისტროში მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი “დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევის შესახებ”. ისინი კანონპროექტის ორივე ვარიანტის ერთად განხილვას მოითხოვენ. დღეს პარლამენტი კანონპროექტის დღის წესრიგში დაყენების საკითხს უყრის კენჭს. კანონპროექტი სახელმწიფო მოხელეების მიერ უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური)