პანკისის ხეობაში მძევალი გაათავისუფლეს

(თბილისი, 15 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს გამთენიისას რეგიონალურმა პოლიციამ და შს სამინისტრომ აზიზ ხალილოვი გაათავისუფლეს, რომელიც პანკისის ხეობაში რამდენიმე თვის განმავლობაში მძევლად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის პაატა გომელაურის თქმით, მძევალი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად გათავისუფლდა და სამართალდამცველთა მხრიდან სპეციალურ ოპერაციას ადგილი არ ჰქონია.

აზიზ ხალილოვი მძევლად მისი შვილის სანაცვლოდ იმყოფებოდა, რომელიც პანკისის ხეობაში 2001 წლის 4 ოქტომბერს გაიტაცეს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, გატაცება ლევან ჩოფანაშვილის კრიმინალური ბანდის ჩადენილია, რომელიც პანკისის ხეობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებად ითვლება.

This post is also available in: English (ინგლისური)