ჯორბენაძე გალში ჯერგენიას ხვდება

(თბილისი, 20 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 20 მაისს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გალში აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანრი ჯერგენიას ხვდება, სადაც სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებზე, კოდორში არსებულ ვითარებასა და გალის რაიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ იმსჯელებენ.

შეხვედრაში მონაწილეობს აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი. ქართული მხარე სამშვიდობო ზონის 10 კილომეტრით გაფართოებას მოითხოვს, აფხაზური მხარე კი – კოდორიდან ქართული შეიარარებული ძალების გაყვანას.


ქართული მხარე გალის რაიონში საერთაშორისო ადმინისტრაციის შემოღების ინიციატივით გამოდის, რომელშიც გაერო-ს, ეუთო-ს და დსთ-ს წარმომადგენლები შევლენ. საერთაშორისო ადმინისტრაციის შექმნის ძირითადი მიზანია გალის რაიონში ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა.

“ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ახალ ფაზაში უნდა შევიდეს. დრო არ ითმენს, მერე შეიძლება ყველაფერი გვიან იყოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)