პოლიციის თქმით, შოუს კოლეგებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა

(თბილისი, 5 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – აგრობიზნესბანკის თანადირექტორს პიტერ შოუს, რომელიც 18 ივნისს გაიტაცეს, ბანკის ზედამხედველთა საბჭოს წევრებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, განაცხადა გუშინ, 4 ივლისს, პარლამენტში მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

მინისტრის თქმით, სამართალდამცველები შოუს საქმიანობას დეტალურად სწავლობენ, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ შოუ ბანკის მიერ დადგენილ წესებს ხშირად არღვევდა.

ქართველი სამართალდამცველები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს გატაცებული ბრიტანელი ბიზნესმენი.

ადრე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად, გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 2 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ცნობას უარყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)