საოლქო სასამართლო “თავისუფლების ინსტიტუტზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილის საქმეს განიხილავს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 ივლისი, 2002) – დღეს თბილისის საოლქო სასამართლო განიხილავს რუსთაველი გიორგი დოიჯაშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს და გადაწყვეტილებას საღამოს გამოიტანს.

დოიჯაშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტზე” 10 ივლისს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი და რაიონულმა სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დოიჯაშვილი უდანაშაულოა.

სასამართლოს შენობასთან თავი მოიყარეს გლდანის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის ბასილ მკალავიშვილის მომხრეებმა. ბასილ მკალავიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ სასამართლო დოიჯაშვილს არ გაათავისუფლებს, მას მისი მომხრეები გაათავისუფლებენ პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)