“თელასი” რუსებისთვის არ მიუყიდიათ
(თბილისი, 12 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ეი-ი-ეს თელასის” წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკული კომპანიის საქართველოდან წასვლისა და თელასის რუსულ ენერგოკომპანია “რუსეთის ერთიანი ენერგოქსელებისთვის” მიყიდვის შესახებ.
“ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არც ამის რაიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ ვრჩებით საქართველოში და ვაგრძელებთ საქმიანობას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას კომპანიის სამოქალაქო უფლებების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ.
მან ასევე უარყო ინფორმაცია კომპანიის გენერალური მენეჯერის იგნასიო ირიბარენის გაწვევის თაობაზე და განაცხადა, რომ იგი საქმიანი ვიზიტით იყო წასული და 13 ივნისს დაბრუნდება.
თელასის რუსული კომპანიისთვის მიყიდვის თაობაზე ინფორმაცია “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიან. მათი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ამის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)