დეპუტატები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვას განაგრძობენ
(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვას შეუდგნენ. პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე გააკეთა მოხსენება.
მისი განცხადებით, ოპოზიციურ და სახელისუფლებო ფრაქციებს შორის შეჯერებული დოკუმენტი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სიების განსაზღვრას. კერძოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიერ მოხდება ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა და ფიზიკურად მყოფ პირებზე სპეციალური საარჩევნო საბუთის გაცემა.
ხმალაძემ ასევე იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელზეც ვერ მოხერხდა მხარეებს შორის შეთანხმება. ოპოზიცია სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნების გახსნის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ სამხედრო პერსონალმა არჩევნებში მონაწილეობა სამოქალაქო საარჩევნო უბანში უნდა მიიღოს. ასევე გადასატანი ყუთით მხოლოდ ინვალიდებმა უნდა ისარგებლონ, რომლებსაც შესაბამისი საბუთი გააჩნიათ.
რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც არჩევნების დღეს საქართველოს სხვა ქალაქში იქნებიან, გამგზავრებამდე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარისგან უნდა აიღონ სპეციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოხდება მისი საარჩევნო უბნიდან ამოწერა და სხვა ქალაქში მხოლოდ ერთ უბანში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ხმალაძის თქმით, ამით აღიკვეთება ე.წ. “კარუსელის” მცდელობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)