“ბურნჯანაძე დემოკრატების” “კლონი” ცსკო-ში რეგისტრაციის გავლას ცდილობს

(თბილისი, 3 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი “ბურჯანაძე დემოკრატების” სახელით ინტელექტუალურმა ლიგამ შეიტანა. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” დღეს “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა ვასილ მაღლაფერიძემ აცნობა.

“ეს უბრალოდ სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან მცდელობა იყო არჩევნების წინ ამომრჩევლი შეცდომაში შეეყვანა, რადგან ლიგა ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის სახელს უკავშირდება, ასეთი მცდელობა ადრეც, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიების დროსაც დაფიქსირებულა”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

განაცხადი “ბურჯანაძე დემოკრატების” სახელით “საქართველოს ინტელექტუალთა ლიგამ” ცსკო-ში 1 სექტემბრეს შეიტანა. ცსკო-ს წარმომადგენლის ლია სოვდაგარის განცხადებით, ამავე ორგანიზაციამ “ინტელექტუალთა ლიგის” სახელწოდებით რამდენიმე კვირის წინ შეიტანა განაცხადი.

“არსებული კანონმდებლობის საფუძველზე პარტიამ რეგისტრაცია იმ სახელწოდებით უნდა გაიაროს, რა სახელწოდებითაც აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აქედან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია ახალი სახელწოდებით ლიგის რეგისტრაცია, დაუდგენელია და ველოდებით შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ლია სოვდაგარმა. 

მისი ინფორმაციით, რეგისტრაცია ასევე გაიარა პარტიამ “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, თუმცა “ბურჯანაძე დემოკრატების” სახელწოდების ბლოკს, რომლის ლიდერად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ითვლება, განაცხადი ცსკო-ში ჯერ არ  წარუდგენია. ბლოკების და გაერთიანებული პარტიების მიერ განაცხადის წარდგენის ვადა 12 სექტემბერს იწურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)