ვატიკანელმა მინისტრმა თბილისში თავისი ძირითადი მისია ვერ შეასრულა

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, არქიეპისკოპოსი ჟან ლუი ტორანი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, უკვე გაემგზავრა ვატიკანში. იგი ქართველებს მადლობას უხდის მასპინძლობისთვის.

“მადლიერი ვარ ქართველების მასპინძლობისთვის, ამასთანავე, გამოვთქვამ მწუხარებას იმის გამო, რომ ვერ შევძელი ჩემი ვიზიტის ძირითადი მიზნის განხორციელება და საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო მომენტში უარი განაცხადა ვატიკანსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამის გამო მთავარი დაზარალებული [საქართველოს] კათოლიკური საზოგადოებაა, რომელიც კვლავ იურიდიული სტატუსის გარეშე რჩება”, – ნათქვამია ჟან ლუი ტორანის განცხადებაში.

ჟან ლუი ტორანი საქართველოში 18 სექტემბერს ჩამოვიდა. მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოსა და ვატიკანის სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულების გაფორმება იყო, თუმცა, თბილისის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან პროტესტის გამო, ქვეყნის პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულების საფუძველზე, 15-პუნქტიან დოკუმენტს ხელი აღარ მოეწერა.

საპატრიარქოსა და საზოგადოების უკმაყოფილება ძირითადად ამ დოკუმენტის გასაიდუმლოებას მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)