ბურჯანაძე აქციის მონაწილეებს თანადგომას დაპირდა

(თბილისი, 3 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ძალიან ვწუხვარ, რომ აქ მოგიწიათ მოსვლა თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და რომ პარლამენტმა ვერ შეძლო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა”, – განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობის წინ გამარტულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

3 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტიების ინიციატივით იმართება და მას ესწრებიან სტუდენტ-ახალგაზრდობისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილენი ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმებასა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

“ყველანაირად ვეცდები, რომ პარლამენტმა შეძლოს კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება ცსკო-ს გაუქმებისა და საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ბურჯანაძემ და აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მათ გვერდით დგას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)