პრეზიდენტის წარმომადგენლები აჭარაში თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე თავიანთი მოვალეობების შესრულებას ორი დღის წინ შეუდგნენ. ვასილ სანოძე და დავით ახალაია ბათუმში 4 აპრილს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი დებულების ხელმოწერის შემდეგ ჩავიდნენ.


„ჩვენ ახლა სულ სხვა გარემო დაგვხვდა, ვიდრე წინა ჩამოსვლის დროს. ყველა პირობა გვაქვს შექმნილი მუშაობისთვის. როგორც ჩანს, აჭარის ხელისუფლებამ  გაითავისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაამყაროს კონტროლი”, – განაცხადა სარფის საბაჟოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა დავით ახალაიამ.


პრეზიდენტის წარმომადგენლები ბათუმში პირველად 19 მარტს ჩავიდნენ, თუმცა ისინი სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტის ხელმძღვანელებმა სამუშაოდ არ შეუშვეს და ერთი კვირის შემდგომ დავით ახალაია და ვასილ სანოძე თბილისში დაბრუნდნენ.


სარფის საბაჟოზე და ბათუმის პორტში პრეზიდენტის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ შეთანხმება 18 მარტს ბათუმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძის შორის პირისპირ შეხვედრის დროს იქნა მიღწეული. წარმომადგენლებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტის მუშაობის გაკონტროლება ევალებათ.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)