სააკაშვილს რეზერვისტთა სისტემის ამუშავება სურს
საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყანაში იქმნება რეზერვისტთა დანაყოფები, რომლებიც არამხოლოდ ქვეყნის თავდაცვაზე, არამედ სხვადასხვა სტიქიური უბედურებების და საგანგაშო მდგომარეობის დროს იმოქმედებენ.
„უკლებლივ ყველა ადამიანი ვისაც ამის ფიზიკური მოანცემები აქვს და ვინც საქართველოს მომავალზე ფიქრობს გაწევრიანებული იქნებიან სარეზერვიო ბატალიონებში. რეზერვისტები წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ გაივლიან მომზადებას“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს.
მისი თქმით, სარეზერვო ბატალიონების შექმნა „არ ნიშნავს ომისთვის მზადებას.“
„ჩვენ არ გვჭირდება ქვეყანაში ომი. ჩვენ არ ვემზადებით ომისთვის, ამ ეტაპზე შევძელით გარდაუვალი ომის საფრთხის აცილება სამხრეთ ოსეთში, მაგრამ საქართველოს დაცვა ჩვენ დაგვჭირდება დღესაც და მომავალშიც“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მზად არის ყველა ადამიანი აღჭურვოს ფორმებით და თუ საჭირო გახდა იარაღი.
„რეზერვისტებს იარაღი არ მიეცემათ ხელზე ეს ყველაფერი იქნება პოლიციის განყოფილებაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული“ – დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)