თბილისი სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციაზე რუსული დახმარების შეთანხმებულად ხარჯვას ითხოვს

ქართული მხარე ითხოვს, რომ რუსეთის ის ფინანსური დახმარება, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციას ხმარდება, თბილისთან შეთანხმებით დაიხარჯოს, განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ თბილისში მყოფ რუსეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.


საუბარია იმ 3 მლნ ევროს ოდენობით თანხის დახარჯვაზე, რომელიც მოსკოვმა 2006 წლის ივნისში ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად, სხვა დონორებისაგან დამოუკიდებლად გამოყო. მაშინ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციას ეს თანხა მათი შეხედულებების მიხედვით მოხმარდებოდა.


”ფაქტიურად ჩვენთვის გაურკვეველია, სად წავიდა ეს თანხა. არის მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ ლეგალიზაცია გაუკეთონ ამ თანხას, რისი წინააღმდეგიც ჩვენ კატეგორიულად გამოვედით. ეს არის ჩადებული თანხა, რომელიც ჩვენთვის გაურკვეველია სად და რისთვის დაიხარჯა,”- განუცხადა მერაბ ანთაძემ ჟურნალისტებს.


რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის პრემიერის თანაშემწის გენადი ბუკაევის განცხადებით, რუსული დახმარება სოციალური ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდა. დელეგაცია ხვალ ცხინვალში გაემგზავრება.


”ჩვენი მიზანია დავინტერესდეთ იმ ობიექტებით, რომლებიც კონფლიქტის ზონაში რუსული დახმარების ფარგლებში შენდება,”- განუცხადა ჟურნალისტებს ბუკაევმა და აქვე დასძინა, რომ შარშან რეგიონში 7 ობიექტი გარემონტდა.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა რუსულ მხარეს ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით ეუთოს დონორთა პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა, რომელსაც გააჩნია თანხების ხარჯვის კონტროლის ტრანსპარენტული მექანიზმი.   

ქართულმა მხარემ ასევე მიუთითა, რომ თბილისთან შეუთანხმებლად რუსეთის ფედერაცია აწარმოებს ცხინვალის რეგიონში ელექტროენერგიის არალეგალურ ექსპორტს და დაიწყო ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)