ცხინვალში შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარებაზე იმსჯელეს

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ)  რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებმა დღეს ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ თბილისში შსკ-ს პლენარული სხდომის ჩატარებას იმ პირობით, თუ ეს შეხვედრა ”გულმოდგინედ იქნება მომზადებული”. 


ქართული მხარე უკვე რამდენიმე თვეა შსკ-ს პლენარული სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით გამოდის, თუმცა ამ დრომდე ცხინვალი წინააღმდეგი იყო.


”სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა მზადყოფნა მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტები თბილისში პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის 13 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.


შსკ-ს თანათავმჯდომარეების შეხვედრას დღეს ქართული მხარის წარმომადგენელი, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე არ დასწრებია.

თუმცა მან 12 ივლისს თბილისში შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან, რუსული მხარის თანათავმჯდომარესთან  იური პოპოვთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)