ახალი სახელმწიფო მინისტრი შსკ-ს სხდომისთვის მზადაა
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ 23 ივლისს დაადასტურა, რომ თბილისი მზად არის შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მონაწილეობისთვის.
ცოტა ხნის წინ ქართული მხარე შსკ-ს პლენარული სხდომის თბილისში გამართვის ინიციატივით გამოვიდა. 20 ივლისს კი რუსული მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში იური პოპოვმა პლენალური სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრის მიზნით მხარეებს თანათავმჯდომარეთა არაფორმალური შეხვედრის 1-3 აგვისტოს გამართვა შესთავაზა.
23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნა, რომ სხდომამდე მოსამზადებელი შეხვედრის გამართვა შესაძლებელია.
ამავე განცხადების თანახმად, შსკ-ს სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხები უნდა იყოს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება და სამხედრო სიმაგრეების გაუქმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)