თბილისსა და ცხინვალს შორის PR დაპირისპირება გრძელდება

იმის დასამტკიცებლად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია აღიზიანებს, თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლებამ ასპარეზზე ცხინვალში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობები გამოიყვანა, თბილისის მიერ მხარდაჭერილ მოძრაობასთან ”კოკოითი, ფანდარასტ” დასაპირისპირებლად.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, რომ ახალგაზრდული მოძრაობის ”ჩვენ თვითონ” აქტივისტების ჯგუფმა ცხინვალში 1 სექტემბერს მოძრაობა ”კოკოითი, ფანდარასტის” დამფუძნებლის ვლადიმერ სანაკოევის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა და მისი სახლის კედლებზე წარწერები გააკეთა: ”დიმა და ვოვა მოღალატეები არიან” – ისინი ვლადიმერ სანაკოევს და დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს გულისხმობდნენ.


იმისათვის, რომ ამ ქმედებასთან რაიმე კავშირი დაემალა და წარმოეჩინა ის, როგორც საზოგადოებრივი უკმაყოფილება, თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობამ განაცხადა, რომ ”ეს არასანქცირებული საპროტესტო აქცია იყო”.

”სამართალდამცავმა ორგანოებმა გააფრთხილეს ახალგაზრდული მოძრაობა არასანქცირებული აქციის ჩატარების დაუშვებლობის თაობაზე, თუნდაც ამგვარი აქცია პატრიოტული გრძნობებით ყოფილიყო გამსჭვალული,” – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა.


ვლადიმერ სანაკოევმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი და, რომელიც ცხინვალში ცხოვრობს, ადგილობრივმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დააშინა. მისი თქმით, მისი სახლის გარეთ ჩატარებული საპროტესტო აქცია ადგილობრივი ”რეპრესიული ორგანოს” – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.


პარალელურად, მოძრაობა ”კოკოითი, ფანდარასტ” ფართომასშტაბიან კამპანიას ახორციელებს საქართველოს ტელეკომპანიების, ძირითადად ტელეკომპანია ”ალანიას” საშუალებით, სადაც კოკოითის საწინააღმდეგო სიუჟეტები გადაიცემა.


31 აგვისტოს ტელეკომპანია ”ალანიამ” გადასცა სიუჟეტი, რომელშიც ვლადიმერ სანაკოევი მითითებებს აძლევს რამოდენიმე პირს – ”კოკოითი ფანდარასტის” აქტივისტებს, რომლებიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებენ. ყველა მათგანი ნიღბებში იყო. ეს ქმედება იმის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, რომ მოძრაობას თავისი მხარდამჭერები სამხრეთ ოსეთის უფრო ფართო საზოგადოებაში ჰყავს, რომლებიც რეპრესიების შიშით ფარულად მოქმედებენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)