ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად მაჭავარიანიც მოიაზრება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატთა შორის დღეს მედიაში პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის სახელიც გაჟღერდა.
ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტის შეკითხვას მაჭავარიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ღიმილით უპასუხა: ”ვერ გეტყვით”.
აქამდე საუბარი იყო ყოფილ ფინანსთა მინისტრზე ლექსო ალექსიშვილზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატია. ამ კანდიდატურის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეტენზიები გამოთქვა, რადგან ალექსიშვილი მასთან შეთანხმების გარეშე შეირჩა.
არაოფიციალურად დასახელდა ასევე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კანდიდატი.
”ეს შესაძლოა კოვზანაძე და შესაძლოა მაჭავარიანი იყოს. ორივე შემთხვევაში მე ვხედავ ბურჯანაძის ინტერესს,”- განუცხადა დღეს ტელეკომპანია ”იმედს” დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა.
კანდიდატურების საკითხები სავარაუდოდ დღეს გაირკვევა პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელსაც ნინო ბურჯანაძეც დაესწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)