ბაქრაძე: მოსახლეობის გადაადგილების აკრძალვა ცხინვალის დისკრედიტაციას უწყობს ხელს

ადგილობრივ მოსახლეობაზე კონტროლის გაძლიერებით, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება კიდევ უფრო ჩამოშორდა საკუთარ ხალხს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ 5 სექტემბერს.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 5 სექტემბრიდან თავის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლა შეუზღუდა, ქართული მხარის მიერ დაგეგმილი ”პროვოკაციებისგან მათი დაცვის მიზნით”.   


თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისი პროვოკაციულ ქმედებებს ამზადებს, რაც მიზნად ისახავს 20 სექტემბერს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩაშლას.   


”მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის საკუთარ ხალხს  ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება, მით უფრო ნათლად დაინახავს ეს მოსახლეობა რა ტიპის ადამიანებთან აქვს საქმე და მით უფრო ადვილი იქნება მათთვის სწორი არჩევანი გააკეთონ კოკოითის რეჟიმსა და იმას შორის, რასაც დროებითი ადმინისტრაცია სთავაზობს,” – განაცხადა ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)