თბილისის განცხადებით, ცხინვალში მომხდარი აფეთქება პროვოკაციაა

ცხინვალში მომხდარი აფეთქება, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დადგმული კიდევ ერთი პროვოკაციაა, განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 7 სექტემბერს.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 24 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელი მაშინ დაშავდა, როდესაც მობილურ ტელეფონში დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამავე ინფორმაციით, იგორ კოკოევმა ტელეპონი ძირს დაგდებული იპოვა. მან ტელეფონის ზარის ხმა გაიგო და მის ასაღებად დაიხარა, როდესაც ის აფეთქდა.


დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ეს იყო ქართული მხარის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი და თბილისის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობის დღის წინ სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.


”ისინი ყოველთვის ჩვენ გვადანაშაულებენ, მაგრამ როგორც ყოველთვის, რაღას სისულელეს ლაპარაკობენ,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 7 სექტემბერს.


”ცხინვალის ხელისუფლება, უმეტეს შემთხვევაში, ავრცელებს დამახინჯებულ და არასწორ ინფორმაციას.  ქართული მხარე არ ყოფილა, არ არის და არ იქნება დაკავეული რეგიონში ტერორისტული და ძალადობრივი საქმიანობით,” – განაცხადა სახელწმიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ.


”ამის ინტენსიფიკაცია მოსალოდნელია იმდენად, რანდენადაც კოკოითის რეჟიმი უკანასკნელ დღეებს ითვლის. მე მგონი, ამგვარი პროვოკაციები დიდ ყურადღებას არ იმსახურებს,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ.


დღესვე, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 7 სექტემბერს დილით სულ ცოტა ერთმა ქართულმა სამხედრო ვერტმფრენმა გადაუფრინა სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ წინაგარს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)