სააკაშვილი: ოპონენტებს საქმით ვუპასუხებთ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 სექტემბერს ოპონენტებს მიმართა, რომ პასუხი მათ კრიტიკაზე არის მხოლოდ საქმე და ქვეყნის განვითარება.


ხელვაჩაურის რაიონში თურქული ინვესტიციებით ახალი სამკერვალო ფაბრიკის გახსნაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ფაბრიკის გახსნა არის მთავრობის პროგრამის განხორციელების შედეგი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე გააკრიტიკეს.


”დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა განახლებული მთავრობის ახალი პროგრამა. ამგვარ ქმედებას [ახალი საწარმოს გახსნას] ვერანაირი საპარლამენტო დებატები ვერ ჩაანაცვლებს. ეს არის სიტყვიდან საქმეზე გადასვლა,” – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ადგილი, შანხაის და დუბაის გარდა, რომელიც ისე სწრაფად ვითარდება, როგორც აჭარის რეგიონი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)