ქარქუსოვი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ურუზმაგ ქარქუსოვი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკავია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, გიორგი არველაძის მოადგილედ დაინიშნა.


არველაძემ 9 სექტემბერს ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მის ახალ მოადგილეს დაევალება რეგიონებში ეკონომიკურ რეფორმების კოორდინაცია და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ეკონომიკური პროგრამების უშუალო ხელმძღვანელობა.


დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში ქარქუსოვის დანიშვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ თბილისი ცდილობს ”მოაგვაროს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას”.


აპრილში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად იყო ფართოდ წარმოედგინა დროებითი ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებაში სამინისტროებში მინისტრის ერთი მოადგილის პოსტის შეთავაზების გზით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)