ცხინვალი ეთნიკურ ოსთა ყრილობას ამზადებს

სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი დღეს სეპარატისტული მთავრობის წევრებს შეხვდა და ცხინვალში 17-18 სექტემბერს დაგეგმილი ოსთა საყოველთაო ყრილობის მზადების საკითხი განიხილა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამგვარი შეკრება უკვე მეექვსედ ტარდება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში და პირველად მის დედაქალაქში.   


შეკრება მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებისთვის, რომელიც შეეცდება იმის დემონსტრირებას, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას ეთნიკურ ოსებს შორის, მისი მოწინააღმდეგის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაძლიერების ფონზე.


”შეკრება მთელი მსოფლიოს ეთნიკური ოსების ყურადღების ცენტრშია,” – განაცხადა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა, ”მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”.


საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ოსები 22 ივლისს სოფელ თამარაშენში შეიკრიბნენ და სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუხატეს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)