სამართალდამცავებმა ცხინვალის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები ცოლ-ქმარი ვალერი და ტოსია ნარტკოევები დააკავა.


დაკავებულები ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლების: სოსლან ბიბილოვის და ვასილ გულიევის დავალებით მოიპოვებდნენ ინფორმაციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების, შეიარაღების, მათი კონფლიქტის ზონის მიმართულებით გადაადგილების და ახალი მშენებარე ბაზის შესახებ, იტყობინება შსს 18 სექტემბერს.


”გასული წლის ნოემბერში ცოლ-ქმარმა ნარტკოევებმა სოსლან ბიბილოვის დავალებით, მოიპოვეს ინფორმაცია გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწყობების დაცვის სისტემების შესახებ. განიხილებოდა სეპარატისტების მიერ ზემოაღნიშნულ ქვედანაყოფში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა და შემდგომში დივერსიული აქტის მოწყობა,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ამავე ცნობით, ნარტკოევების ერთ-ერთი დავალება ასევე ითვალისწინებდა კონფლიქტის ზონაში საქართველოს ხელისუფალთა გადაადგილების მარშრუტების შესწავლას და ”შემდგომში მათ მიმართ ტერორისტული აქტების განხორციელებას”.


დაკავებულები ლაგოდეხში მცხოვრები ეთნიკური ოსების ჩაბმასაც ცდილობდნენ ე.წ უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობაში, იტყობინება სამინისტრო.


შსს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმების და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარებისაკენ მოუწოდებენ, რაც ”მათ სასჯელს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)