აფხაზი დეპუტატი მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის მიერ უსაფრთხოების დასაცავად ”მკაცრი ზომების” მიღება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოულოდნელობა არ იქნება, განაცხადა 21 სექტემბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ გუმბამ.


აფხაზეთის ლიდერის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში გუმბა აღნიშნავს, რომ ქართული ძალების მიერ ტყვარჩელში მესაზღვრეებზე განხორციელებული თავდასხმა, რის შედეგადაც ორი აფხაზი მებრძოლი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა და შვიდი დაკავებულია, არის შედეგი იმისა, რომ თბილისის ბოლო დროინდელი პროვოკაციები რეაგირების გარეშე დარჩა.


თბილისი აცხადებს, რომ აფხაზ დივერსანტთა ჯგუფი გაანადგურა ზემო კოდორის ხეობაში. თუმცა სოხუმის თქმით, ქართული შეიარაღებული ჯგუფი ტყვარჩელის რაიონში შეიჭრა და აფხაზ მესაზღვრეებს დაესხა თავს. 


”ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გუმბამ, ”განვითარებული მოვლენები არის საქართველოს მიერ ზემო კოდორის ხეობის ოკუპაციის შედეგი. ჩვენმა ზომიერმა, არააგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ საქართველოს მხრიდან მომავალი ტერორისტული მუქარა რეალურ საფრთხედ იქცა ჩვენი საზოგადოებისთვის”.


”საქართველოს მილიტარიზაციის პროცესი, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ზოგიერთი დასავლური ქვეყნის დახმარებით ხორციელდება… ჩვენ არა ერთხელ გაგვიფრთხილებია, რომ საქართველოს სამხედრო დახმარება დაანგრევს რეგიონში სტაბილურობის სისტემას და შესაძლოა ახალ ომებამდეც მიგვიყვანოს,” – განაცხადა გუმბამ. 


მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ აფხაზეთი მკაცრ ზომებს მიიღებს საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)