თბილისის მერი ოქრუაშვილის განცხადებებზე კომენტარს აკეთებს
თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელის და ახლა უკვე ოპოზიციონერი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ანტისახელისუფლებო ბრალდებები ”ძალიან იაფფასიანი და სამწუხარო” იყო, თუმცა იმავდროულად ”ძალიან სასაცილოც”.
”გუშინ მისი დილის განცხადება ცოტა გამაღიზიანებელი იყო იმიტომ, რომ უნამუსო კაცის განცხადება იყო და საღამოს იყო უკვე ბოდვა ,”- განუცხადა გიგი უგულავამ 26 სექტემბერს ჟურნალისტებს, ”ძალიან ჰგავდა გადამდგარი ”კაგებეშნიკები” კომუნისტების დროს რაღაც მემუარებს რომ ყვებოდნენ, თან, ბოლომდე რომ არ ყვებოდნენ იმიტომ, რომ მერე აქტუალობა არ დაეკარგათ, რომ მერე მოვყვებიო.”
უგულავას განცხადებით, ოქრუაშვილს ”იმედის” ტელეარხზე გამოსვლისას ძალიან შეშინებული სახე ჰქონდა. ”ჩემთვის გაუგებარია, რამ შეაშინა იგი,”- დასძინა უგულავამ.
თბილისის მერმა შარშან ნოემბერში ოქრუაშვილის მთავრობიდან წასვლას ”იმპულსური და გაუთვლელი” ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ “საქართველოს მაინც მიაღწევს გამარჯვებებს, ოღონდ ამჯერად ირაკლის გარეშე”. მაშინ ამ განცხადების გამო ოქრუაშვილმა გაღიზიანება ვერ დამალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)