აფხაზეთს არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს გაერთიანებასთან – ბაღაფში

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას არავითარი საერთო არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან საქართველოს გაერთიანების თაობაზე.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 სექტემბერს ზემო კოდორის ხეობაში ახალი გზის გახსნისას პირობა დადო, რომ იგი თავისი პრეზიდენტობის ვადაში საქართველოს გააერთიანებს. სააკაშვილი 2008 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებს მეორე ვადით იყაროს კენჭი.


”დაე, მიხეილ სააკაშვილმა გააერთიანოს საქართველო ენგურიდან იქით, თავისი ტერიტორიის შიგნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე,”- იუწყება 30 სექტემბერს ბაღაფშის ვებ-გვერდი მისივე სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ, როგორც კეთილი მეზობლები, მხოლოდ მივესალმებით, თუ სააკაშვილი საბოლოოდ არ დაანგრევს თავის ქვეყანას”.


30 სექტემბერს აფხაზეთში დამოუკიდებლობის 14 წლისთავი აღნიშნეს. ამ დღისადმი მიძღვნილ თავის მიმართვაში, ბაღაფში აღნიშნავს, რომ ”სამწუხაროდ, საქართველო უკეთესობისკენ არ შეცვლილა”.


”სრულიად ნათელია, რომ საქართველოს საომარი გეგმები კვლავ ძალაში რჩება… თუმცა ჩვენ მზად ვართ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისათვის,”- ნათქვამია ბაღაფშის მიმართვაში აფხაზი ხალხის მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)