პოლიტიკოსები ბადრი პატარაკაციშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე კომენტარს აკეთებენ

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებასა და ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის დაწყებას უკავშირდება, გააჩინა ვარაუდები, რომ შესაძლოა პოლიტიკაში მოვიდეს გავლენიანი ბიზნესმენი და ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი. თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის წარმომადგენლები.


ეს ვარაუდები კიდევ უფრო გაამძაფრა 29 სექტემბერს გაზეთ კომერსანტში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ ბადრი პატარკაციშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღის დაწყების შემთხვევაში, ის ”ხალხის გვერდზე დადგება”.


”არ ვისურვებდი და არავის არ ვუსურვებდი მომხვდარიყო საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეთა რიგებში, რამეთუ ქართული სახელმწიფო მკაცრ პასუხს გაცემს იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობენ არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აქციებში,”-განუცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ დღეს ”რუსთავი 2”-ს.

”მისი [პატარკაციშვილის] მხრიდან არა ერთი მცდელობა იყო მოსულიყო პოლიტიკაში, თუმცა ამჯერად მე ინფორმაცია არ გამაჩნია,”- აღნიშნა მან.

მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას შეუძლია პოლიტიკაში მოსვლა, თუმცა ”ბუნებრივია, პოლიტიკაში როცა მოდიხარ, ჩვეულებრივად ყველა დგება კონკურენციის პირობებში”.


რესპუბლიკელთა ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ”მას რა გეგმები ექნება მომავალში, ეს ჩემთვის უცნობია”.


”მაგრამ მისი და სხვა ბიზნესმენების მხრიდან აქტიურობა არის მხოლოდ კარგი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების ხელშემწყობი,”- განუცხადა უსუფაშვილმა 2 ოქტომბერს ”რუსთავი 2”-ს.


კონსერვატორების ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიციის ინიცირებული სახალხო მოძრაობის გააქტიურება გამოიწვევს ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანის გამოჩენას და მათ შორის შესაძლოა ბადრი პატარკაციშვილიც იყოს. 


პარტია თავისუფლების ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილი ”გარკვეულწილად არის პოლიტიკაში”, რადგან ხანდახან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ”მაგრამ ის არ არის აქტიურად წინა პლანზე”.   


”რუსთავი 2”-თან საუბრისას გამსახურდიამ ასევე გაიხსენა 2006 წლის ზაფხული, როცა თბილისის მერის არჩევნებში ბადრი პატარკაციშვილის შესაძლო მონაწილეობის საკითხს აქტიურად იხილავდნენ ოპოზიციური ძალები, მაგრამ ”ეს პროექტი წარუმატებლად დამთავრდა”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)