მმართველი პარტიის დეპუტაცია სტრასბურგში საარჩევნო კოდექსზე მსჯელობს
პარლამენტარები მმართველი უმრავლესობიდან 3-6 ოქტომბერს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტებთან საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით.
საპარლამენტო დელეგაციაში შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.
სამივე დეპუტატი იმ ჯგუფის წევრია, რომელიც მარტიდან მუშაობს საარჩევნო კოდექსის დახვეწის მიმართულებით. ამ ჯგუფში ასევე შედიოდნენ საპარლამენტო ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, თუმცა შეთავაზებულ წინადადებებზე ხელისუფლების პოზიციის გარკვევამდე, მათ ივლისში უარი თქვეს ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელებაზე.
ოპოზიცია მოითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის და ე.წ ”მოგებულს ყველაფერი რჩება” არჩევნების მაჟორიტარული სისტემის შეცვლას.
თუმცა მმართველი პარტია ამ საკითხებზე კომპრომისის ნიშნებს ჯერ-ჯერობით არ ავლენს. ცოტა ხნის წინ მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებზე უმრავლესობის საბოლოო პოზიცია ნოემბერში გაირკვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)