მთავრობა სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ვაუჩერების გაცემას იწყებს
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პენსიონერებზე, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ვაუჩერების გაცემა მომავალი კვირიდან დაიწყება.
ჯანდაცვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის ინფორმაციით, მთლიანობაში საუბარია ზამთრის პერიოდში, დაახლოებით, 1 მილიონ 200 ათასი ადამიანის ერთჯერად დახმარებაზე.
”აქედან დაახლოებით 835 ათასი გახლავთ პენსიონერი, დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი გახლავთ სოციალურად შეჭირვებული ჩვენი მოსახლეობა, რომლის მონაცემები არის ჩვენს [სამინისტროს] ბაზაში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე.
პრეზიდენტის ინიციატივის შესაბამისად, დედაქალაქში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადისთვის 50-50 ლარი დარიგდება, ხოლო რეგიონებში ბუნებრივი აირის კომპონენტს ფქვილის კომპენსაცია ჩაანაცვლებს. სულ 35 ათასი ტონა ფქვილის დარიგება იგეგმება.
”ჩვენ ყველაფერი უნდა უზრუნველვყოთ იმისათვის, რომ ზამთარში არავის არ სციოდეს და არავის არ შიოდეს,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)