პატარკაციშვილის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის გარშემო სკანდალი გრძელდება
ბადრი პატარკაშვილი ვეღარ შეასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც იგი აღარ სარგებლობს კომიტეტის წევრთა ნდობით, განაცხადა კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა 10 ოქტომბერს.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბადრი პატარკაციშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება 9 ოქტომბერს შეუჩერა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მმართველი პარტიის წევრებმა პატარკაციშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ ”ინტრიგების ხლართვაში” დაადანაშაულეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეშვეობით.
თუმცა, BBC-ს რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მისი უფლებამოსილების შეჩერება უკანონო იყო და რომ ის განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას პრეზიდენტის პოსტზე.
”ის ვერ განაგრძობს ამ საქმიანობას, რადგანაც საქართველოს ყველა სპორტული სახეობის ფედერაციების პრეზიდენტებმა მას გამოუცხადეს უნდობლობა,” – განაცხადა გაბაშვილმა, ”მათ არ უნდათ ჰქონდეთ საქმიანი კავშირი ადამიანთან, რომელიც მუდმივადაა გახვეული სკანდალებში და ბოლო სკანდალი არის ცილიწამებლური კამპანიის ორგანიზება საკუთარი ქვეყნისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ”.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც პატარკაციშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგ მისცა ხმა, განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.
მისი თქმით, სხვადასხვა სპორტის ფედერაციების პრეზიდენტების უმეტესობა მმართველი პარტიიდან არიან და ეს გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე რაგბის ფედერაციის პრეზიდენტია; სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტია; დეპუტატი მმართველი პარტიიდან კახა გეწაძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია; დეპუტატი მმართველი პარტიიდან ბესო ჯუღელი კი ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტია.
ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ კენჭისყრა ”პროცედურების სრული დარღვევით” ჩატარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)