ბოკერია ”იმედზე” ზეწოლას ”აბსურდულს” უწოდებს

საქართველოში სიტყვის თავისუფლებას, ან ტელეკომპანია ”იმედს” საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიამ 11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა და ოპოზიციის ლიდერებმა 10 ოქტომბერს ხელისუფლება ტელეკომპანია ”იმედზე” ზეწოლაში დაადანაშაულეს.


ბოკერიას თქმით, მას შემდეგ რაც ”ოქრუაშვილის პროექტი ჩავარდა”, ოპოზიციურ პარტიებს ახალი ამოცანა აქვთ – დაიცვან სიტყვის თავისუფლება, რომელსაც, მათი განცხადებით, საფრთხე ემუქრება.


”ოქრუაშვილის პროექტი, რომელიც იყო კოორდინირებული ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების და პატარკაციშვილის მიერ, ჩავარდა,” – განაცხადა ბოკერიამ, ”და ახლა ამ ვაკუუმში, როდესაც ხელცარიელები დარჩნენ, რაღაც უნდა მოეფიქრებინათ და მოიფიქრეს ეს, ძალიან კეთილშობილური ამოცანა, რომ დაიცვან სიტყვის თავისუფლება”.


მისი თქმით, სიტყვის თავისუფლების დაცვის ეს ახალი კამპანია უფრო ”ისტერიას” ჰგავს.


”მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და გარანტია მივცე ყველას, ჩემი და ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის სახელით, რომ ეს არის აბსურდი,” – განაცხადა ბოკერიამ, ”არანაირი საფრთხე არც, ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას და არც პატარკაციშვილის ტელევიზიას არ ემუქრება”.


ბოკერიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ამ მნიშვნელოვანი ღირებულების ასოცირება მხოლოდ ერთ ტელევიზიასთან.


”ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ქართული მედიის ყველა სხვა საშუალებაში მუდმივად აქვთ საშუალება, რომ მიმართონ საზოგადოებას,” – განაცხადა მან, ”თუ რომელიმე ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტს რომელიმე არხი მოსწონს განსაკუთრებულად, და ამ შემთხვევაში პატარკაციშვილის ტელევიზია, მინდა მივმართო მათ: ბატონებო, შეგიძლიათ 24 საათი ლანძღოთ მთავრობა პირდაპირ ეთერში, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ თქვენ გააგრძელოთ ამის კეთება. არანაირი საფრთხე აქ არ არის”.


მან ასევე განაცხადა, რომ ამორალურია, როდესაც პატარკაციშვილი, ”რომელიც უამრავ სკანდალშია გახვეული”, სიტყვის თავისუფლების შესახებ საუბრობს.  


”ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მისი მარჯვენა ხელი – ბატონი ლუგოვოი – ინგლისის პროკურატურის მიერ ბრალდებულია უმძიმეს დანაშაულში, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტის [ალექსანდრე ლიტვინენკოს] მკვლელობაში,” – განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია საპროტესტო აქციის გამართვა. 2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.


”რა პრობლემაა, როდის არ ტარდებოდა, ან როდის არ ჩატარდება აქციები. საქართველოში დემოკრატია შენდება და ყოველთვის იქნება მშვიდობიანი აქციები,” – განაცხადა ბოკერიამ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)