რუსეთი 20 სექტემბრის ინციდენტზე ზეწოლას აძლიერებს
ის პირები, რომელთაც 20 სექტემბერს ორი აფხაზი სამხედროს ”განგსტერულ წამებაში” მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯონ, განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 11 ოქტომბერს.
საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) შუალედური მოხსენება ადასტურებს 20 სექტემბერს ქართულ და აფხაზურ ძალებს შორის მომხდარი შეტაკების აფხაზურ ვერსიას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან მომხდარი შეტაკების დროს შვიდი აფხაზი მებრძოლი დაიჭირეს, რამდენიმე დაიჭრა, ხოლო აფხაზურ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში მყოფი ორი ყოფილი რუსი ოფიცერი დაიღუპა.
მოხსენების თანახმად, ინციდენტი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და ორივე პიროვნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა და რომ გასროლა მიბჯენით განხორციელდა.
”ჩვენი აზრით, საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის სათქმელად, რომ ეს იყო განგსტერული მკვლელობა და საკმარისი ინფორმაცია არსებობს იმისათვის, რომ აფხაზებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ,” – განუცხადა ჩურკინმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციის შემდეგ.
”ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ კრიმინალური აქტის ორგანიზატორები და შემსრულებლები დაისაჯონ, ხოლო დაკავებული აფხაზი სამხედროები გამოუშვან,” – განაცხადა მან.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ინციდენტში ორი რუსი ოფიცერი მონაწილეობდა, გარკვეულ კითხვებს ბადებს რუსეთის მისამართით.
სოხუმი კი ”ობიექტურს” უწოდებს გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მიერ 20 სექტემბრის შეტაკების თაობაზე ჩატარებული გამოძიების წინასწარ დასკვნებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)