პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა
დღეს ახალი საპარლამენტო ფრაქციის ”ჩვენი საქართველო” პრეზენტაცია შედგა, რომელსაც დეპუტატი ვალერი გელბახიანი უხელმძღვანელებს.
ფრაქცია ”ჩვენი საქართველო” ოპოზიციური იქნება, თუმცა შეეცდება კონსტუქციულ თანამშრომლობას მმართველ ძალასთან, აცხადებს ვალერი გელბახიანი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია ”აღორძინებაში” დაიწყო.
ფრაქცია, გაერთიანებული ოპოზიციის მსგავსად, მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკით ჩანაცვლებას.
”ჩვენ ვუერთდებით საგურამოს მანიფესტის პრინციპებს, რაც გამოცხადდა ოპოზიციის მიერ,” – განაცხადა დღევანდელ პრეზენტაციაზე გელბახიანმა, ”ჩვენ სურვილის გვაქვს, რომ ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ საჭიროა დიალოგი და კომპომისები იმისათვის, რომ აცილებული იქნეს თავიდან პოლიტიკური სისტემის კრიზისი”.
მისი განცხადებით, ახალი ფრაქციის ძირითადი ორიენტირი აგრარულ სექტორსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემები იქნება.
ახალი 10-კაციანი ფრაქციის ძირითად ნაწილს შეადგენენ ფრაქცია ”დამოუკიდებელი მაჟორიტარების” ყოფილი წევრები: ვალერი გელბახიანი, ლევან გზირიშვილი, ვალერიან იზორია, ნიკა კვეზერელი, არსენ მგელაძე, ვიქტორ ჯაფარიძე; ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: გოჩა ჯოჯუა და გოგი წულაია; დეპუტატები ლეიბორისტული პარტიიდან თემურ დოლიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობიდან მერაბ ხურციძე.
ამჟამად პარლამენტში სულ 8 ფრაქცია არსებობს, საიდანაც ოთხი ოპოზიციურია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)