შსკ-ს ორდღიანი სხდომა უშედეგოდ დასრულდა
ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ორდღიანი სხდომა უშედეგოდ დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს არსებული ფორმატის არაეფექტურობაზე, განაცხადა ქართული მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში დიმიტრი მანჯავიძემ 24 ოქტომბერს.
ქართულმა, სამხრეთ ოსურმა, რუსულმა და ჩრდილოეთ ოსურმა მხარეებმა შსკ-ს სხდომა 23-24 ოქტომბერს თბილისში, ეუთოს მისიის ოფისში გამართეს.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მანჯავიძემ სამხრეთ ოსური მხარე დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ მოხერხდა მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა, რაც თბილისის ვარაუდით, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას დაეხმარებოდა.
”სამხრეთ ოსეთის მხარის გამო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით. ამ ფაქტის გამო, უაზრობად მიგვაჩნია შსკ-ს არსებულ ფორმატში მუშაობის გაგრძელება”.
თუმცა, სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი გახდა ქართული მხარის უარი ხელი მოეწერა შეთანხებაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
”თქვენ იცით, რომ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არსებობდა სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენების გეგმა… სად არის იმის გარანტია, რომ [დავით] კეზერაშვილსაც [ახლანდელ თავდაცვის მინისტრს] არ აქვს ანალოგიური გეგმა?” – განუცხადა ჩოჩიევმა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.
ჩოჩიევმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება არსებულ ფორმატში.
რუსეთის მხარის წარმომადგენელმა იური პოპოვმა განაცხადა, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს სხდომის ოქმის ხელმოწერა, ”თუმცა, ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან”.
”მე ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ განვაგრძობთ მუშაობას ამ ფორმატში,” – განაცხადა პოპოვმა, ”თუ მოლაპარაკებები არსებულ ფორმატში არ გაგრძელდება, ეს შემაშფოთებელი სიგნალი იქნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)