”არტი ჯგუფმა” მუშაობა განაახლა

კომპანია ”არტი ჯგუფმა”, რომელიც პირველადი მოხმარების საგნების უმსხვილესი დისტრიბუტორია საქართველოში, ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მარტინშ ვეცვანაგსმა.


”უკვე დღეიდან დაიწყო მუშაობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ორშაბათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ქსელი დაიტვირთება,”- განაცხადა  ვეცვანაგსმა.


კომპანია, რომელიც  Procter & Gamble, Gillette, Uni, Dilmah და Sara Lee პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში, 24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დალუქა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება ისევ გრძელდება, მიუხედევად იმისა, რომ ამ დრომდე ფინანსური დაღვევები ვერ იქნა აღმოჩენილი.


ამავე ცნობით, ”არტი ჯგუფს” ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 500 ათასი ლარის ზარალი მიადგა და ბაზარზე გაჩნდა მათ მიერ იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტი.  კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მუშაობის განახლების შემდეგ პროდუქციის ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.


”არტი ჯგუფის” საქმიანობას პრეზიდენტი სააკაშვილი 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე შეეხო და განაცხადა, რომ მსგავსი ”მონოპოლიები უნდა მოვშალოთ საქართველოში”.


გავრცელებული ინფორმაციით, ”არტი ჯგუფის” მეპატრონეა ქიბარ ხალვაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი. ამჟამად, ქიბარ ხალვაშის ადგილმდებარეობა უცნობია. მისი ძმა, ნიაზ ხალვაში, რომელსაც ასევე აქვს წილი ”არტი ჯგუფის” ბიზნესში, ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს და მოპარული მანქანის ყიდვასა და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს ბრალი. ნიაზ ხალვაშის ადვოკატი ბრალდებებს შეთითხნულს უწოდებს და აცხადებს, რომ ნიაზ ხალვაში მისი ძმის გამო იმყოფება პატიმრობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)