სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელმა კომისიამ ფინანსურ საკითხებზე იმსჯელა

მომავალი წლიდან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ფარგლებში ამოქმედდება ხაზინის და შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ბიუროები, ამის შესახებ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.


კომისიამ, რომლის სხდომაც 26 ოქტომბერს კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ძირითადად საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის პირველად დოკუმენტზე იმსჯელა.


”მისი [დოკუმენტის] განხილვა კვლავ გაგრძელდება მიმდევნო სხდომაზე და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მუშაობას დავასრულებთ და გადავალთ სამართლებრივ საკითხებზე,”- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


კომისიის მომდევნო სხდომა ნოემბრის ბოლოს თბილისში გაიმართება.


იმავდროულად, მომავალი ორი თვის განმავლობაში კომისია იმსჯელებს განათლებისა და კულტურის თემებზეც.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ასევე იგეგმება ერთობლივი მთავრობის სხდომის გამართვა დროებითი ადმინისტრაციის მთავრობასთან, სადაც დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული წინადადებები განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)