ევროპელი ექსპერტები ”იმედის” პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებიან – ბურჯანაძე

საქართველოს ხელისუფლება, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მუშაობს მოდელზე, რომელიც უზრუნველყოფს ტელეკომპანია ”იმედის” ობიექტურ მაუწყებლობას მომავალში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 ნოემბერს.


”ჩვენ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ტელეეთერი და ტელეკომპანია, რომელიც იარსებებს ან თუ იარსებებს, როგორც არის, იყოს მართლაც ობიექტური, მაქსიმალურად ნეიტრალური, რაც არ ნიშნავს ხელისუფლების ქება-დიდებას, მაგრამ  არც უნდა იყოს ისეთი პრეტენზიები, როდესაც ლაპარაკია საჯარო მოწოდებებზე ან რეალურად იმ პრეტენზიებზე რაც არსებობდა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 


ამასობაში, 19 ნოემბერს Polskie Radio პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იგი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რათა დაეხმაროს ხელისუფლებას და ტელეკომპანია ”იმედს” უთანხმოების მოგვარებაში.


მისი თქმით, პოლონეთმა შუამავლობა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი  წარმომადგენლის ხავიერ სოლანას თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა.


”ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ექსპერტები გამოვაგზავნოთ საქართველოში,” იტყობინება Polskie Radio რადოსლავ სიკორსკის სიტყვებზე დაყრდნობით, ”როგორც ეს იყო უკრაინაში, სადაც პოლონურმა ინსტიტუტებმა მხარი დაუჭირეს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, ახლა ამგვარ პროცესებს საქართველოში დავუჭერთ მხარს სხვადასხვა საშუალებით”.


ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 16 ნოემბერს თბილისში განაცხადა, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ”იმედის” გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარებას.  თუმცა, მან გამორიცხა ევროკავშირის ”საშუამავლო ფუნქცია”. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ”გამოცდილი პიროვნება” და ექსპერტები არსებობენ ევროკავშირში, რომელთაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში რჩევის მიცემა შეუძლიათ.


ამავდროულად, რადიო ”იმედი”, რომელიც მედია ჰოლდინგის ”იმედი” შემადგენელი ნაწილია, კვლავ გათიშული რჩება. ტელევიზიასთან დაკავშირებით, ორი ცალ-ცალკე გადაწყვეტილებაა მიღებული – ერთი სასამართლოს მიერ და მეორე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ – ორივე მათგანი ტელევიზიის სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერებას ეხება. თუმცა, არ არსებობს რაიმე იურიდიული საფუძველი რადიო ”იმედის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.


”ჩვენ არ მიგვიღია რაიმე დოკუმენტი ან შეტყობინება იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეგვიძლია მაუწყებლობის აღდგენა,” – განაცხადა რადიო ”იმედის” დირექტორმა ნონა ყანდიაშვილმა 20 ნოემბერს.

რადიო ”იმედის” შენობა კვლავ დალუქულია პოლიციის მიერ და თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. ნონა ყანდიაშვილი და რადიო ”იმედის” ჟურნალისტები 20 ნოემბერს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს შეხვდნენ და სიტუაციის გარკვევაში დახმარება სთხოვეს.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)