ბელა წიფურია განათლების მინისტრობაზე უარს ამბობს
დღეს ბელა წიფურიამ უარი განაცხადა განათლების მინისტრის პოსტის დაკავებაზე და მის ნაცვლად წარდგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის კანდიდატურა, განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ბელა წიფურიას, განათლების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის გადაწყვეტილების მიზეზი, მითუმეტეს, რომ 20 ნოემბერს იგი კანდიდატის რანგში საპარლამენტო ფრაქციებს უკვე შეხვდა.
”საქართველოს პრეზიდენტს პირადი განცხადებით მიმართა ქალბატონმა ბელა წიფურიამ, რის საფუძველზეც გამოთხოვილია მისი კანდიდატურა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ნაცვლად ბელა წიფურიასი წარმოდგენილი გახლავთ მაია მიმინოშვილი,”- განაცხადა ხუროშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებაზე პარლამენტის ბიურო იმსჯელებს. მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება კი 22 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)