პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას მიმართა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ თავის სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობას ”სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ” მოუწოდა, რათა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს.


მან ასევე განაცხადა, რომ უკვე მეორედ უწევს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ”რთული ვითარების” ფონზე. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტობის მოვალეობას 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად  ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგაც ასრულებდა.


”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური და ცხოვრობდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, სამართლიან, სტაბილურ გარემოში და არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავითარი ეჭვი არ გაუჩნდეს”.


ამ მიზნების მისაღწევად ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისკენ.  

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, განაცხადა ბურჯანაძემ, ამ შეცდომებმა არ უნდა გადაფაროს ის მიღწევები, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაგროვდა.


”მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ კარგად აწონ-დაწონოს ვიდრე საარჩევნო ყუთთან მივა,”- განაცხადა მან, ”წინა პერიოდში არსებობდა შეცდომები, მაგრამ მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს თავის არჩევანის გაკეთების დროს, იმ პერიოდში, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდია აუცილებლად იფიქროს იმის თაობაზე, რა უფრო მეტი იყო ამ ქვეყანაში: წარუმატებლობა თუ წარმატება?”


მისი თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე დგას, თუმცა ”დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოცდას წარმატებით ჩავაბარებთ”.


ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ”გარდამავალ პერიოდში” ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო აპარატის ”ეფექტურად” მუშაობისთვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)