ომბუდსმენი: ”იმედის” წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ქონების დაყადაღების შესახებ ”გაუმართლებელი” და ”უკანონოა,” განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


7 ნოემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც მხოლოდ 13 ნოემბერს გახმოვანდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ქონება იმ მოტივით დააყადაღა, რომ ”იმედი” გამოიყენეს როგორც ”მთავარი საშუალება” დემონსტრაციების ორგანიზებისთვის, რაც თანდათან კონტროლიდან გამოვიდა და შექმნა ”მყისიერი და რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა“. მოგვიანებით, 6 დეკემბერს სასამართლომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება და ტელეკომპანიას ყადაღა მოუხსნა.


სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მან შეისწავლა სასამართლოს გადაწყვეტილება ”იმედის” ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით და საჭიროდ მიიჩნია რეკომენდაცია მისცეს იუსტიციის საბჭოს დისციპლინარული პროცედურები დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ.


სასამართლოს მიერ 7 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ”იმედმა” ტელეკომპანიის თანამფლობელის ბადრი პატარკაციშვილის წერილობითი განცხადება წაიკითხა. სწორედ პატარკაციშვილია ეჭვმიტანილი ხელისუფლების მიერ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში. ეს განცხადება ”იმედმა” 7 ნოემბერს საღამოს გაუშვა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია დაარბია. განცხადებაში პატარკაციშვილი ამბობს, რომ ის არაფერს არ დაიშურებს იმისათვის, რომ საქართველო ”სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისგან” გაათავისუფლოს.


”იმ საფუძვლით, რომ საქართველოს დედაქალაქში შექმნილი იყო მასობრივი არეულობა… გამოძიების ვარაუდით, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ აღნიშნულ პროცესებს შეიძლება მიეღო კიდევ უფრო მძიმე და უმართავი ხასიათი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით,” – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ.


თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილის განცხადება არ შეიცავდა არანაირ მოწოდებას ძალადობისკენ. 


”მეტიც ეს განცხადება საერთოდ არ შეიცავს მოწოდებას. უბრალოდ, მასში გაკეთებულია ძალიან მკაცრი, კრიტიკული შეფასებები,” – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.


სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 7 ნოემბრითაა დათარიღებული, ის მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პოლიციამ ”იმედის” შენობა დაარბია, რათა სამართლებრივი საფუძველი მიეცა ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის ტელეკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით.


სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ პატარკაციშვილის განცხადება ”იმედმა” 7 ნოემბერს 18:28 საათზე წაიკითხა, ხოლო სპეცრაზზმა ტელეკომპანიის ოფისი 2 საათის შემდეგ დაარბია. შეუძლებელი იქნებოდა, ერთი მხრივ, გამომძიებლისთვის განეხორციელებინა ყველა სამართლებრივი პროცედურა და სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა, ხოლო მეორე მხრივ, თავად სასამართლო ვერ მოასწრებდა ამ პერიოდში პროკურატურის შუამდგომლობის განხილვას, აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)