პარლამენტის თავმჯდომარე გმობს რუსეთის ”დაუსჯელობის სინდრომს”
რუსეთის მიერ უპრეცედენტო აღიარება იმისა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, არის ”დაუსჯელობის სინდრომის” შედეგი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 11 ივლისს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა გუშინ, რომ მისმა თვითმფრინავებმა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს გადაუფრინეს, რათა ”გაეგრილებინა ცხელი თავები” თბილისში მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ 8 ივლისს ოთხი ქართველი სამხედრო დააკავა.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო რეაქციაა საჭირო რუსეთის ”დაუსჯელობის სინდრომის” დასრულებისთვის. ”საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებით ნათლად უნდა აჩვენოს რუსეთს ასეთი მოქმედების ფასი,”- აღნიშნა მან.
”ეს არის გამოწვევა [რუსეთის მხრიდან]. დიახ, მე განვახორციელე სამხედრო აგრესია, მე ამას ვაღიარებ და აბა ვინ რას დამაკლებთ?” – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეს არის რუსეთის იმ პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება, რომლებიც მარტში დაიწყო 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან გამოსვლით.
”ეს არ იყო იზოლირებული ინციდენტი,”- განაცხადა მან პარლამენტის სხდომაზე საუბრისას, ”ეს არის გაგრძელება ძალიან მძიმე პროვოკაციული ჯაჭვისა, რომელსაც უკანასკნელ თვეებში ვხედავთ, თუმცა გამონაკლისი გუშინდელი ინციდენტში იყო ის, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა ოფიციალურად, საკუთარი ნებით აღიარა, რომ მან განახორციელა სამხედრო აგრესიის აქტი საქართველოს წინააღმდეგ”.
11 ივლისს პარლამენტი სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს, რომელშიც დაგმობს რუსეთის ქმედებებს.
პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ”როგორც ჩანს ცხელი თავები მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში ფიქრობენ ბევრად უფრო სერიოზული სამხედრო აგრესიის ფაქტები განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ”.
მისი თქმით, ამ ვითარებაში ორი გზა აქვს საქართველოს: ერთი ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან სინქრონულად იმოქმედოს სამშვიდობოების ფორმატის ჩანაცვლების მიზნით; ან მეორე, ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ჩამოართვას სამშვიდობო სტატუსი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში დგანან.
”ბუნებრივია, გამოსარიცხი არ არის არცერთი გზა,”- განაცხადა გაბაშვილმა, ”სწორედ ეს დადგენილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისათვის ალბათ ბოლო შანსი, რომ ავუხსნათ ყველას, რომ ეს სამშვიდობოები იქ იწვევენ ომის დაწყების აშკარა საფრთხეს და თუ ისინი ძალიან სწრაფი ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობისა არ დატოვებენ იქაურობას და არ შეიცვლებიან, ჩვენ ვიქნებით იძულებული ცალმხრივად ჩამოვართვათ მათ სტატუსი და ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ გამყოფ ზოლებზე მშვიდობის დამყარებაზე”.
საქართველომ მოსკოვიდან თავისი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი გამოიწვია ”კონსულტაციებისთვის” რუსეთის იმ აღიარების საპასუხოდ, რომ 8 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.
”ჯერ არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები თბილისში,” – განუცხადა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს მოსკოვში საქართველოში გამოგზავრებამდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)