მედვედევი სოხუმს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღუთქვამს
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სეპარატისტული აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის დღის” მისალოც წერილში აცხადებს, რომ რუსეთი მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ამ რეგიონს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში.
კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ასევე ნათქვამია რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმება სამართლებრივ ბაზას ქმნის ”გრძელვადიანი და თანასწორი ორმხრივი ურთიერთობებისათვის”.
”დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ერების ინტერესებითაა ნაკარნახევი, ხელს შეუწყობს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას,”- აცხადებს მედვედევი.
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება 30 სექტემბერს აღნიშნავს ე.წ. ”დამოუკიდებლობის” 15 წლისთავს. ამ ღონისძიებებზე დასასწრებად სოხუმს სტუმრობენ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, ასევე რუსეთის მთავრობისა და ფედერალური ერთეულების ოფიციალური წარმომადგენლები, დელეგაციები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რუსეთს აღიარებისათვის.
”ჩვენ იურიდიულად აღიარებული სახელმწიფო გავხდით… მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩვენი დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა,”- განაცხადა ბაღაფშმა 29 სექტემბერს საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას.
მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ”აგრესიული მეზობელი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)